რომის იმპერატორები

  იმპერატორები 400 წელზე მეტხანს მართავდნენ რომის იმპერიას. ისინი უმეტესად ვითომ სენატს ეთათბირებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში იმდენი ძალაუფლება ჰქონდათ, რომ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება შეეძლოთ. მიუხედავად ამისა, თუ იმპერატორი ხალხის ნდობასა და სიყვარულს დაკარგავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა: შურიანი მეტოქეები და მკვლელები ჩასაფრებულები იყვნენ.
  იმპერატორისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვა ჯარისკაცთა საგანგებო ჯგუფს, პრეტორიანულ გვარდიას ევალებოდა. თუმცა, ამ ვითომდა ერთგულ მცველებს ზოგჯერ განსხვავებული აზრი ჰქონდათ იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო რომის მმართველი. რამდენიმე იმპერატორი, ფაქტობრივად, საკუთარმა მცველებმა მოკლეს.
  ავგუსტუსის სიკვდილიდ შემდეგ, ახ.წ.14 წელს, იმპერატორის ოჯახში შეთქმულებებისა და არეულობის ახალი ხანა დადგა. ზოგიერთი იმდროინდელი იმპერატორი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.
  ავგუსტუსის გერი, იმპერატორი ტიბერიუსი შეუბრალებელი და გარყვნილი კაცი იყო. ძალაუფლებამ კი ეს თვისებები კიდევ უფრო გაუმძაფრა.იმის შიშით, მოკვლას მიპირებენო, ტიბერიუსმა ათობით გავლენიანი რომაელი სიკვდილით დასაჯა და თვითონ კუნძულ კაპრიზე გაიქცა. მმართველობის ბოლო 11 წელი იქ გაატარა და, თუ რომელიმე სტუმარი თვალში არ მოუვიდოდა, კლდიდან გადააჩეხინებდა ხოლმე.
  მომდევნო იმპერატორი, კალიგულა სავარაუდოდ, შეშლილიც კი იყო. მას სწამდა, ღმერთი ვარო, და როგორც ამბობდნენ, თავისი ცხენის კონსულად არჩევასაც კი ცდილობდა. ერთხელ ჯარისკაცებს უბრძანა ზღვისათვის შეეტიათ, რადგან ზღვის ღმერთ ნეპტუნს გაუნაწყენდა.
  უსასტიკესმა იმპერატორმა ნერონმა ცოლი და დედა მოაკვლევიან; ასევე ექცეოდა ყველას, ვინც მას წინააღმდეგობას გაუწევდა. ხელოვნების, მუსიკისა და პოეზიის მოყვარულ ხალხს ელდას სცემდა, რადგან საჯაროდ უკრავდა ლირაზე და მღეროდა ( მაშინ მუსიკოსები პატივსაცემ ხალხად არ ითვლებოდნენ). ნერონის წარმოდგენები უსაშველოდ გრძელი იყო, მსმენელებს კი დროზე ადრე წასვლის ეშინოდათ და ზოგჯერ თავს იმკვდარუნებდნენ, რათა გარეთ გაეყვანათ.
  ნერონის სიკვდილის შემდეგ წარმოუდგენელი არეულობის ხანა დადგა. ახ.წ. 69 წლის განმავლობაში რომს ოთხი იმპერატორი მართავდა. ამ იმპერატორთაგან უკანასკნელმა, ვესპასიანემ, რომელიც რომის არმიის სარდალი იყო, ჯარისკაცების დახმარებით იმპერიას სტაბილურობა დაუბრუნა.
  ბევრი იმპერატორი საღად მოაზროვნე, სამართლიანი მმართველი იყო და ძალღონეს არ იშურებდა, რათა უზარმაზარ იმპერიაში წესრიგი შეენარჩუნებინა.
  ტიბერიუსის ძმისშვილი, იმპერატორი კლავდიუსი (ახ.წ. 41–5 წლები) ბავშვობაში გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ დაინვალიდდა. ბევრი ფიქრობდა, რომის მართვას ვერ შეძლებსო, მაგრამ სინამდვილეში ჩინებული იმპერატორი გამოდგა, თუმცა ბოლოს მაინც მოკლეს. ზოგი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ იგი ცოლმა მოწამლა შხამიანი სოკოთი.
  ახ.წ 96 წელს იმპერატორი ნერვა გახდა. იგი ბრძნულად და სამართლიანად მართავდა რომს. ნერვას ოთხი ნიჭიერი იმპერატორი მოჰყვა. მათ გააფართოვეს იმპერია, გააუმჯობესეს მართვის სისტემა და სენატორთა მხარდაჭერაც მოიპოვეს, რადგან სენატს პატივით ეპყრობოდნენ.
  თავდაპირველად იმპერატორობის უფლება მხოლოდ მას ჰქონდა, ვინც წინა მმართველს ენათესავებოდა, მაგრამ ნერვამ ახალი ტრადიცია შემოიღო და ის კაცი იშვილა, ვინც მემკვიდრედ ყველაზე შესაფერისი ეჩვენებოდა.

No comments:

Post a Comment