Monday, January 27, 2014

თამაშებზე


რომის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს გაცილებით მეტი თავისუფალი დრო ჰქონდა, ვიდრე დღეს გვაქვს, რადგან მძიმე საქმეს, უმეტესად, მონები აკეთებდნენ. რომში იმდენი მონა შრომობდა, რომ ბევრი ღარიბი რომაელი სამუშაოს ვერ შოულობდა. ხალხის გასართობად და სამოქალაქო მღელვარების ასარიდებლად იმპერატორი სისხლიან სანახაობებს, ,,თამაშებს” მართავდა. თამაშებზე ხალხი შეიარაღებულ გლადიატორებსა და მხეცებს შორის შეტაკებას უყურებდა.
  გლადიატორთა ბრძოლები თავდაპირველად დაკრძალვის უძველესი ცერემონიის ნაწილი იყო, მაგრამ რესპუბლიკის დროს პოლიტიკოსები მიხვდნენ, რომ მდიდრული სანახაობებით ხმების მოპოვება შეიძლებოდა, და თამაშებს სულ უფრო და უფრო მეტ დღეებს უთმობდნენ. იმპერიის ხანაში თამაშებს წელიწადში 93 დღე ეთმობოდა.
  თამაშები ქვის დიდ სტადიონზე ტარდებოდა, რომელსაც შუაში ოვალური არენა ჰქონდა. იმპერიაში უდიდესი სტადიონი რომში მდებარე ფლავიუსების ამფითეატრი იყო. მას ახლა კოლიზეუმი ჰქვია.კოლიზეუმი 50 000–მდე კაცს იტევდა. მის იატაკქვეშ, გვირაბების ლაბირინთში სანახაობების წინ გარეულ ცხოველებს ამწყვდევდნენ.
  თამაშები გლადიატორების, მუსიკოსების, მოცაკვავეების, ჟონგლიორებისა და ქურუმების დიდი აღლუმით იწყებოდა. შემდეგ მხეცებს უშვებდნენ. იშვიათი ცხოველები საჩვენებლად გამოჰყავდათ ან საცირკო ტრიუკებს აკეთებდნენ. რომაელი ისტორიკოსის, სვეტონიუსის მიხედვით, ერთმა იმპერატორმა ბაგირზე მოსიარულე სპილოების განსაცვიფრებელი სპექტაკლი წარმოადგინა.
  ცხოველებს ან ერთმანეთთან შესატაკებლად აქეზებდნენ, ან შუბით, ხანჯლითა და მშვილდისრით ნადირობას მართავდნენ. ზოგჯერ არენაზე უიარაღო დამნაშავეებს გამოათრევდნენ და ლომებს, ვეფხვებს ან დათვებს აგლეჯინებდნენ.
  გლადიატორთა ბრძოლა ნაშუადღევს იმართებოდა. გლადიატორები უმეტესად მონები, დამნაშავეები ან ტყვეები იყვნენ, რომლებსაც ერთმანეთთან ბრძოლას აიძულებდნენ. თუმცა ზოგჯერ მოხალისეებიც გამოდიოდნენ გარკვეულ საფასურად. ათასში ერთელ გლადიატორებში ქალებიც გამოერეოდნენ ხოლმე. გლადიატორები სხვადასხვა სახეობისანი იყვნენ, ყოველ მათგანს განსხვავებული იარაღი და ჩაცმულობა ჰქონდა, როგორც წესი, ერთი სახეობის გლადიატორებს მეორე სახეობასთან აბრძოლებდნენ.
  გლადიატორები ხშირად სამკვდრო– სასიცოცხლოდ იბრძოდნენ, თუმცა მძიმედ დაჭრილს შეეძლო იმპერატორისთვის შეწყალება ეთხოვა. მაყურებლებთან მოთათბირების შემდეგ, იმპერატორი ცერით ანიშნებდა გადაწყვეტილებას. ექსპერტების აზრით აღმართული ცერი იმის ნიშანი იყო, რომ გლადიატორს სიცოცხლე უბოძეს.  
  გამარჯვებული გლადიატორები ფულს და გვირგვინს იღებდნენ, ხოლო ვინც ბრძოლას დიდხანს გაუძლებდა, შეიძლებოდა, მდიდარი და სახელგანთქმულიც გამხდარიყო. ბევრი გამარჯვების შემდეგ გლადიატორისათვის შეიძლება ხის ხმალი გადაეცათ, რაც მისი გათავისუფლების ნიშანი იყო. ბევრი გატავისუფლებული მებრძოლი მწვრთნელი ხდებოდა გლადიატორთა სკოლებში.

No comments:

Post a Comment