მდიდარ რომაელებს უცნაური კერძები უყვარდათ და მდიდრულ წვეულებებსაც ხშირად მართავდნენ. წვეულება მასპინძელს საშუალებას აძლევდა, სიმდიდრითა და ძალაუფლებით მოეწონებინა თავი, ამიტომ გავლენიანი რომაელები ერთმანეთს ექსტრავაგანტური წვეულებების მოწყობაში ეჯიბრებოდნენ.
წვეულება, როგორც წესი, საღამოს იწყებოდა. სტუმრები კართან სანდლებს იხდიდნენ. სანამ მონა მათ ფეხებს ბანდა, კარისკაცი მათ მობრძანებას გამოაცხადებდა. შემდეგ სტუმრებს თავ–თავის ადგილს მიუჩენდნენ და ხელებს სურნელოვანი წყლით დააბანინებდნენ. ეს აუცილებელი იყო, რადგან ძირითადად ხელით ჭამდნენ.
მდიდარი რომაელები წამოწოლილები მიირთმევდნენ. მხოლოდ მონები და ბავშვები ისხდნენ სკამებზე. ქალები და მამაკაცები ერთად შეექცეოდნენ. მაგიდასთან ცხრამდე საწოლი იყო ხოლმე, მიწოლილი ტახტებზე, რომლებიც ისე იდგა, რომ კვადრატის სამ გვერდს ქმნიდა. სტუმრები პირდაპირ ლანგრიდან შეექცეოდნენ.
სრული რომაული წვეულება შვიდი თავი საჭმლისაგან შედგებოდა და შეიძლება ათ საათს გაგრძელებულიყო. ცივ კერძებს, მაგალითად, კვერცხს, სარდინებსა და სოკოს, უფრო უცნაური კერძები მოსდევდა: თაფლში ჩაწყობილი ძილგუდები, ფლამინგოს ენები და სპილოს ხორთუმებიც კი.
სტუმარი ხმამაღლა აბოყინებდა იმის ნიშნად, რომ კერძი მოეწონა, ხოლო თუ უკვე იმდენი ჰქონდა ნაჭამი, რომ მეტი აღარ შეეძლო, ნარჩენებს ხელსახოცში ახვევდა და შინ მიჰქონდა. ძალიან ხარბი სტუმრები კი ყელში ფრთას ამოისვამდნენ, გულს აირევდნენ და ხელახლა შეუდგებოდნენ ჭამას. მწერალ სენეკას ეზიზღებოდა, ვინც ამ ჩვევას მისდევდა და დამცინავად ამბობდა: საჭმელად აღებინებენ და საღებინებლად ჭამენო.
სტუმრებს ფრთხილად უნდა ელაპარაკათ წვეულებებზე, რადგან იმპერატორის ჯაშუშები ყველგან დაძრწოდნენ. თუ რომელიმე სტუმარი იმპერატორს გააკრიტიკებდა, შეიძლება უცებ ბორკილები დაედოთ და გაეთრიათ. ზოგი წვეულება კიდევ უფრო სახიფათო იყო: შეშლილმა იმპერატორმა ელაგაბალუსმა ერთხელ ჭერიდან იმდენი ვარდის ფურცელი ჩამოაყრევინა, რომ სტუმრები გაიგუდნენ.
კერძების გაფორმება გემოზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო და მზარეულები ამ მხრივაც დაოსტატებულები იყვნენ. მწერალი პლინიუსი ტრაბახობდა, ჩემი მზარეული ღორის ფაშვს ისე ამზადებს, თევზი გეგონებაო.
სუფრასთან სტუმრებს პოეტები, მუსიკოსები, ილუზიონისტები და ჯამბაზები ართობდნენ, ხოლო ნასადილევს ხშირად თამაშობდნენ. მაგალითად, რა ციფრსაც მასპინძელი დაასახელებდა, ყველას იმდენი ჭიქა სასმელი უნდა დაელია.
მეოცე საუკუნის ნახატზე გამოსახულია, როგორ გაიგუდნენ ელაგაბალულის სტუმრები ვარდის ფურცლებში. ფურცლებს მაგიდის თავზე გაბმული ბადიდან ყრიდნენ.