Monday, January 27, 2014

წვეულება


მდიდარ რომაელებს უცნაური კერძები უყვარდათ და მდიდრულ წვეულებებსაც ხშირად მართავდნენ. წვეულება მასპინძელს საშუალებას აძლევდა, სიმდიდრითა და ძალაუფლებით მოეწონებინა თავი, ამიტომ გავლენიანი რომაელები ერთმანეთს ექსტრავაგანტური წვეულებების მოწყობაში ეჯიბრებოდნენ.

 წვეულება, როგორც წესი, საღამოს იწყებოდა. სტუმრები კართან სანდლებს იხდიდნენ. სანამ მონა მათ ფეხებს ბანდა, კარისკაცი მათ მობრძანებას გამოაცხადებდა. შემდეგ სტუმრებს თავ–თავის ადგილს მიუჩენდნენ და ხელებს სურნელოვანი წყლით დააბანინებდნენ. ეს აუცილებელი იყო, რადგან ძირითადად ხელით ჭამდნენ.

  მდიდარი რომაელები წამოწოლილები მიირთმევდნენ. მხოლოდ მონები და ბავშვები ისხდნენ სკამებზე. ქალები და მამაკაცები ერთად შეექცეოდნენ. მაგიდასთან ცხრამდე საწოლი იყო ხოლმე, მიწოლილი ტახტებზე, რომლებიც ისე იდგა, რომ კვადრატის სამ გვერდს ქმნიდა. სტუმრები პირდაპირ ლანგრიდან შეექცეოდნენ.

  სრული რომაული წვეულება შვიდი თავი საჭმლისაგან შედგებოდა და  შეიძლება ათ საათს გაგრძელებულიყო. ცივ კერძებს, მაგალითად, კვერცხს, სარდინებსა და სოკოს, უფრო უცნაური კერძები მოსდევდა: თაფლში ჩაწყობილი ძილგუდები, ფლამინგოს ენები და სპილოს ხორთუმებიც კი.

  სტუმარი ხმამაღლა აბოყინებდა იმის ნიშნად, რომ კერძი მოეწონა, ხოლო თუ უკვე იმდენი ჰქონდა ნაჭამი, რომ მეტი აღარ შეეძლო, ნარჩენებს ხელსახოცში ახვევდა და შინ მიჰქონდა. ძალიან ხარბი სტუმრები კი ყელში ფრთას ამოისვამდნენ, გულს აირევდნენ და ხელახლა შეუდგებოდნენ ჭამას. მწერალ სენეკას ეზიზღებოდა, ვინც ამ ჩვევას მისდევდა და დამცინავად ამბობდა: საჭმელად აღებინებენ და საღებინებლად ჭამენო.

 სტუმრებს ფრთხილად უნდა ელაპარაკათ წვეულებებზე, რადგან იმპერატორის ჯაშუშები ყველგან დაძრწოდნენ. თუ რომელიმე სტუმარი იმპერატორს გააკრიტიკებდა, შეიძლება უცებ ბორკილები დაედოთ და გაეთრიათ. ზოგი წვეულება კიდევ უფრო სახიფათო იყო: შეშლილმა იმპერატორმა ელაგაბალუსმა ერთხელ ჭერიდან იმდენი ვარდის ფურცელი  ჩამოაყრევინა, რომ სტუმრები გაიგუდნენ.
მეოცე საუკუნის ნახატზე გამოსახულია, როგორ გაიგუდნენ ელაგაბალულის სტუმრები ვარდის ფურცლებში. ფურცლებს მაგიდის თავზე გაბმული ბადიდან ყრიდნენ.

  კერძების გაფორმება გემოზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო და მზარეულები ამ მხრივაც დაოსტატებულები იყვნენ. მწერალი პლინიუსი ტრაბახობდა, ჩემი მზარეული ღორის ფაშვს ისე ამზადებს, თევზი გეგონებაო.

სუფრასთან სტუმრებს პოეტები, მუსიკოსები, ილუზიონისტები და ჯამბაზები ართობდნენ, ხოლო ნასადილევს ხშირად თამაშობდნენ. მაგალითად, რა ციფრსაც მასპინძელი დაასახელებდა, ყველას იმდენი ჭიქა სასმელი უნდა დაელია.

მეოცე საუკუნის ნახატზე გამოსახულია, როგორ გაიგუდნენ ელაგაბალულის სტუმრები ვარდის ფურცლებში. ფურცლებს მაგიდის თავზე გაბმული ბადიდან ყრიდნენ.

თამაშებზე


რომის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს გაცილებით მეტი თავისუფალი დრო ჰქონდა, ვიდრე დღეს გვაქვს, რადგან მძიმე საქმეს, უმეტესად, მონები აკეთებდნენ. რომში იმდენი მონა შრომობდა, რომ ბევრი ღარიბი რომაელი სამუშაოს ვერ შოულობდა. ხალხის გასართობად და სამოქალაქო მღელვარების ასარიდებლად იმპერატორი სისხლიან სანახაობებს, ,,თამაშებს” მართავდა. თამაშებზე ხალხი შეიარაღებულ გლადიატორებსა და მხეცებს შორის შეტაკებას უყურებდა.
  გლადიატორთა ბრძოლები თავდაპირველად დაკრძალვის უძველესი ცერემონიის ნაწილი იყო, მაგრამ რესპუბლიკის დროს პოლიტიკოსები მიხვდნენ, რომ მდიდრული სანახაობებით ხმების მოპოვება შეიძლებოდა, და თამაშებს სულ უფრო და უფრო მეტ დღეებს უთმობდნენ. იმპერიის ხანაში თამაშებს წელიწადში 93 დღე ეთმობოდა.
  თამაშები ქვის დიდ სტადიონზე ტარდებოდა, რომელსაც შუაში ოვალური არენა ჰქონდა. იმპერიაში უდიდესი სტადიონი რომში მდებარე ფლავიუსების ამფითეატრი იყო. მას ახლა კოლიზეუმი ჰქვია.კოლიზეუმი 50 000–მდე კაცს იტევდა. მის იატაკქვეშ, გვირაბების ლაბირინთში სანახაობების წინ გარეულ ცხოველებს ამწყვდევდნენ.
  თამაშები გლადიატორების, მუსიკოსების, მოცაკვავეების, ჟონგლიორებისა და ქურუმების დიდი აღლუმით იწყებოდა. შემდეგ მხეცებს უშვებდნენ. იშვიათი ცხოველები საჩვენებლად გამოჰყავდათ ან საცირკო ტრიუკებს აკეთებდნენ. რომაელი ისტორიკოსის, სვეტონიუსის მიხედვით, ერთმა იმპერატორმა ბაგირზე მოსიარულე სპილოების განსაცვიფრებელი სპექტაკლი წარმოადგინა.
  ცხოველებს ან ერთმანეთთან შესატაკებლად აქეზებდნენ, ან შუბით, ხანჯლითა და მშვილდისრით ნადირობას მართავდნენ. ზოგჯერ არენაზე უიარაღო დამნაშავეებს გამოათრევდნენ და ლომებს, ვეფხვებს ან დათვებს აგლეჯინებდნენ.
  გლადიატორთა ბრძოლა ნაშუადღევს იმართებოდა. გლადიატორები უმეტესად მონები, დამნაშავეები ან ტყვეები იყვნენ, რომლებსაც ერთმანეთთან ბრძოლას აიძულებდნენ. თუმცა ზოგჯერ მოხალისეებიც გამოდიოდნენ გარკვეულ საფასურად. ათასში ერთელ გლადიატორებში ქალებიც გამოერეოდნენ ხოლმე. გლადიატორები სხვადასხვა სახეობისანი იყვნენ, ყოველ მათგანს განსხვავებული იარაღი და ჩაცმულობა ჰქონდა, როგორც წესი, ერთი სახეობის გლადიატორებს მეორე სახეობასთან აბრძოლებდნენ.
  გლადიატორები ხშირად სამკვდრო– სასიცოცხლოდ იბრძოდნენ, თუმცა მძიმედ დაჭრილს შეეძლო იმპერატორისთვის შეწყალება ეთხოვა. მაყურებლებთან მოთათბირების შემდეგ, იმპერატორი ცერით ანიშნებდა გადაწყვეტილებას. ექსპერტების აზრით აღმართული ცერი იმის ნიშანი იყო, რომ გლადიატორს სიცოცხლე უბოძეს.  
  გამარჯვებული გლადიატორები ფულს და გვირგვინს იღებდნენ, ხოლო ვინც ბრძოლას დიდხანს გაუძლებდა, შეიძლებოდა, მდიდარი და სახელგანთქმულიც გამხდარიყო. ბევრი გამარჯვების შემდეგ გლადიატორისათვის შეიძლება ხის ხმალი გადაეცათ, რაც მისი გათავისუფლების ნიშანი იყო. ბევრი გატავისუფლებული მებრძოლი მწვრთნელი ხდებოდა გლადიატორთა სკოლებში.

რომის დაარსება

   ლათინები იტალიის დასავლეთი სანაპიროს ნაყოფიერ დაბლობზე ცხოვრობდნენ და ლათინური ენის ადრეულ დიალექტზე მეტყველებდნენ. იტალიის ის ნაწილი,სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ლაციუმის სახელით გახდა ცნობილი.ლათინები მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევდნენ. დაახლ. ძვ.წ. 1000 წელს მათ პირველი სოფლის შენება დაიწყეს იმ ფერდობზე, სადაც მოგვიანებით დიადი ქალაქი, რომი გაჩნდა. ფერდობს ბევრი ბუნებრივი უპირატესობა ჰქონდა. სწორედ  იმ ადგილას მდინარე ტიბრი ვიწროვდებოდა და მისი გადალახვა იოლად შეიძლებოდა. ზღვამდე 25 კილომეტრი იყო - ანუ ნავით ზღვა ახლოს იყო, ხოლო ხმელთაშუა ზღვაში მოხეტიალე მეკობრეები - შორს. თანაც, მდინარისპირა გორაკებიდან სწრაფად შეიძლებოდა მტრის შემჩნევა და უკუგდება.
  ლათინები ჩალით გადახურულ ხის უბრალო კარვებში ცხოვრობდნენ. ბინებს გორაკებზე იშენებდნენ, ჭაობიან დაბლობებს კი მიცვალებულთა დასაკრძალად იყენებდნენ. თანდათან ეს პატარ-პატარა სოფლები გორაკებს დაბლა ჩამოუყვა და ძვ.წ. VIII საუკუნის რომელიღაც პერიოდში ერთ ქალაქად  -რომად - გაერთიანდა. 




მოგვიანებით რომაელმა ისტორიკოსებმა (მაგალითად, ლივიუსმა) ბერძნული მითებისა და რომაული ფოლკლორის გაერთიანებით გაცილებით ამაღლებული და საინტერესო ლეგენდა შექმნეს იმის შესახებ, თუ როგორ დაარსდა დიადი ქალაქი.




  ამბავი ენეასით  -  ბერძნული ლეგენდის მითიური გმირით იწყებოდა.ენეასი დაპყრობილი ტროადან გაიქცა და მრავალი თავგადასავლის შემდეგ იტალიაში ჩავიდა.იტალიაში მან ლათინთა მეფის ასული შეირთო და მეფეთა ახალ გვარს დაუდო საფუძველი. ენეასის შთამომავლები იყვნენ ტყუპი ძმები რომულუსი და რემუსი.ბიჭების პაპის ძმას ამულიუსს, მათი თავიდან მოშორება სურდა და ბრძანა, ორივენი ტიბრში ჩაეხრჩოთ. ამულიუსის მსახურებს შეებრალათ ბავშვები და კალათით წყალს გაატანეს. ნაპირზე გამორიყულ ბიჭებს ძუ მგელი კვებავდა თავისი რძით, სანამ ერთმა კეთილმა მწყემსმა არ გადაარჩინა ბავშვები. როცა ბიჭები წამოიზარდნენ, მათ მოკლეს ბოროტი პაპის ძმა და გადაწყვიტეს, მდინარე ტიბრის ნაპირებზე ახალი ქალაქი აეგოთ.
რომულუსმა მოაწყო მეფე ამულეუსის მკვლელობა და ღიად შეება ნუმიტორს. ალბა–ლონგაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ძმებმა არ მოისურვეს ქალაქში დარჩენა და დამოუკიდებლად ქალაქის დაარსება განიზრახეს. ამ ნაბიჯისკენ მათ იმ ფაქტმაც უბიძგა, რომ მათ გარშემო შეკრებილ გაქცეულ მონებთან ქალაქის მოქალაქეებს ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდათ. ვერ მოასწრეს ძმებმა ქალაქის მშენებლობის დაწყება, როდესაც ადგილის არჩევის გამო წაიჩხუბეს. რომულუსმა პალატინის ბორცვი აარჩია, ხოლო რემუსს სურდა ქალაქის რემორიასთან დაარსება. ძმებმა გადაწყვიტეს ფრინველებზე მკითხაობით გადაეწყვიტათ ეს საკითხი, რომულუსის მხრიდან ექვსი ძერა გამოფრინდა ხოლო რემუსის მხრიდან ორჯერ მეტი. ზოგი ამბობს, რომ რომულუსმა მოიტყუა და რემუსი რომ მივიდა ფრინველები მხოლოდ მაშინ გამოფრინდნენ.
  ქალაქის კედლების მშენებლობისას რემუსმა ძმას დასცინა, რის გამოც ისინი ერთმანეთს წაეკიდნენ. რომულუსმა მოკლა რემუსი და ახალი ქალაქის მეფე გახდა. ქალაქს მისი სახელის მიხედვით ,,რომი” დაერქვა. გადმოცემის მიხედვით, ეს ძვ.წ. 753 წელს მოხდა.